
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაღდათსა და გვიმრიანში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, თითოეული მათგანი კი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღები ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის "ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია" ფარგლებში ჩატარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულ პროექტებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, საიდანაც 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.