22 თებერვალი 2025,   10:15
ვრცლად
ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო. დღეს ისინი წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის.

"საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის, დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის - რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეტს მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და პრაქტიკულად აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა, ტექნოლოგიის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში.

"მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მან ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის ანგარიშის მომხსენებელს მიმართა.

"სანამ გამოიყენებთ სიტყვებს - “პოლიტიკური რეპრესიები”, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვენაში, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

დღის ამბები