22 თებერვალი 2025,   12:08
ვრცლად
ომის დასრულების ფაზა, რომელიც ვაშინგტონსა და კიევს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობებით იწყება - ზელენსკი, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

"სულელური ქცევები, მედია ტურით ევროპაში სიარული და შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი" - დონალდ ტრამპის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავე შეფასებები ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითქმის ყველა მაღალჩინოსნისგან მიიღო. უკრაინის ლიდერს ვაშინგტონიდან ურჩევენ ტონს დაუწიოს, უპირობოდ დათანხმდეს ამერიკის შეთავაზებას და დონალდ ტრამპს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადოს.

ვაშინგტონისგან განსხვავებით, განცხადება არ გააკეთა კიევში მყოფმა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა. კიტ კელოგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე კი, რამდენიმე წუთით ადრე უარი თქვა. მის ნაცვლადაც შეხვედრის დეტალებზე უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ზელენსკის გენერალ კელოგთან დისკუსიამ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით იმედი გაუჩინა.

ბრალდებები ისმის კრემლიდანაც - მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ თავად რუსეთი ომის მშვიდობიანი გზებით დარეგულირების მომხრეა.

ემოციური განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. მარკ რუტემ ევროპელ ლიდერებს მისი სატელეფონო ზარების პასუხისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხა, რომ ალიანსის წევრებმა უსიამოვნო და მკაცრი ზარები ვაშინგტონიდან მიიღონ.

რჩევების მიუხედავად, ევროპა მწვავე განცხადებების კეთებას არ წყვეტს. ლიდერების ნაწილი რამდენიმე დღეა დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, სხვები შტატების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია. პარალელურად ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი. მაკრონი ტრამპთან არასასიამოვნო საუბარსაც აანონსებს.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი თავად ევროპელმა ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს. თუმცა, ტრამპი არ ჩქარობს და მაკრონთან შეხვედრას 24 თებერვალს, კირ სტარმერთან 26 თებერვალს აანონსებს.

დღის ამბები