22 თებერვალი 2025,   12:07
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადების სამხედროებს შეხვდა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

"დღეს ვესტუმრე ვაზიანის სამხედრო ბაზას, სადაც აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი და მე-5 საარტილერიო ბრიგადების სამხედროებს შევხვდი. ადგილზე გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას. მოხარული ვარ, რომ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა შეესაბამება მაღალ სტანდარტს და ჩვენს ქვეყანას ჰყავს კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხედრო დანაყოფები.

ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჯარისკაცების დაფასება საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტია. თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ჯარს.

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები მომავალშიც არ დაიშურებენ ძალისხმევას თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და სამხედროების ღირსეულად დასაფასებლად.
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მამაც ჯარისკაცებს ქვეყნის ერთგულად მსახურებისა და უანგარო თავდადებისათვის!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები