
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ონკოპაციენტებმა უკვე იციან. უწყებამ, როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის დროს აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი განსაზღვრა. გაიწერა მომსახურების ტარიფიც. ამ დრომდე, ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევების ნუსხას თავად სამედიცინო დაწესებულება ადგენდა, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული იყო ტარიფებიც. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ სხვა რეფორმებზეც საუბრობენ.
სიახლეებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების ტარიფი უკვე დადგენილია და მკურნალობის პროცესში ყველა აუცილებელ გამოკვლევას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
ცვლილებებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ სიახლე ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, კიდევ უფრო გაამარტივებს.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დავალიანების დაფარვას უკავშირდება. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიახლე საავადმყოფოების ფინანსურ ნაწილზეც დადებითად აისახება.
დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან, ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები 100 პროცენტით ფინანსდება. პაციენტის საჭიროების მიხედვით, ანაზღაურებადია დამატებითი ლაბორატორიული კვლევებიც. ასევე ფინანსდება, ქიმიო, ჰორმონო, სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.