
ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. მასში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. მან ყურადღება გაამახვილა, გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, სამხარაძემ ევროპელ კოლეგებს ფაქტის დაგმობისკენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკელი კონგრესმენის ბრალდებებსაც უპასუხა. სხდომაზე ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, რასაც ნიკოლოზ სამხარაძემ სიცრუე უწოდა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ ხელყოფას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას. შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა არ დაუგმია ამ ე.წ არჩევნების ჩატარება.
ბატონო უილსონ, თქვენ რომ მართალი იყოთ თქვენს მიმართვაში, თქვენც დაგმობდით ეგრეთ წოდებულ ფიქტიურ არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ახლა ნება მიბოძეთ შემდეგ არანაკლებ მნიშვნელობის საკითხზე გადავიდე, ეს არის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მაშინ როცა არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურ პლურალისტურ გარემოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით, რაც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას და ბევრად უკეთესად იყო ორგანიზებული, ვიდრე ყველა ადრე ჩატარებული არჩევნები. პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, არჩია არ ეღიარებინა შედეგები, დაჟინებით ავრცელებდა სრულიად გადაუმოწმებელ პრეტენზიებს და მათ შორის ამ ინფორმაციას. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ბრალდება წარმოადგინა, ვციტირებ- რომ ეუთო/ოდირი იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ იმყოფება, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციისა და ერთობის შელახვას ისახავს მიზნად, არამედ ხაზს უსვამს მათ სრულ უგულებელყოფას ქართველი ხალხის კეთილსინდისიერი არჩევანის მიმართ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთოს ან მის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური უცხოური ჯგუფების მხრიდან, რათა გავლენა მოეხდინათ საბოლოო ანგარიშის შინაარსზე და ასევე ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის სუვერენული უფლებებისადმი ურყევი ერთგულებით.
არ არსებობს არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა სამხარაძემ.