22 თებერვალი 2025,   10:29
ვრცლად
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის სასამართლოზე სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანი პროცესი. სხდომაზე სამედიცინო ექსპერტი გამოჰკითხეს. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა.

"ეს ჭრილობები რომ სიცოცხლისდროინდელია, ასე ცალკე აღებული, ვერ ადასტურებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. ჩვენ როდესაც დავკითხეთ სასამართლოში ექსპერტი, ვერცერთი ისეთი პასუხი ვერ მივიღეთ, რაც სასამართლოს მიანიშნებდა განსაკუთრებულის სისასტიკით მკვლელობის ჩადენაზე. რაც არის მნიშვნელოვანი - წამიერად მოხდა თუ არა სიკვდილი, ამაზე პასუხის ვერ გაგვცა, როდის დადგა სიკვდილი - ამაზე პასუხი ვერ გაგვცა, გონებადაკარგულზე იყო ჭრილობები მიყენებული თუ არა, - ამაზეც პასუხი ვერ გაგვცა," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

"კესარია აბრამიძეს მიყენებული აქვს 28 ჭრილობა. 28-ვე ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში და მიყენებული ჭრილობებიდან 4 არის გულმკერდის არეში მიყენებული, რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. გარდა გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებისა, კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა არეში - მათ შორის, ხელებზე, ზურგში, კისერში, ყელთან, ასევე შუბლისა და თავის არეში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება რომელიც, რა თქმა უნდა, კავშირში იყო დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ბექა ჯაიანმა, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და მკვლელობის ჩასადენად, გამოიყენა ის დანა, რომელიც მან რამდენიმე საათით ადრე შეიძინა თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობიდან მეორე დღესვე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები