
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, პოლიტიკურმა ჯგუფმა "ხალხის ძალა", ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურა წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. დოკუმენტში ასახულია როგორც საკანონმდებლო აქტების და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების განხილვის რიგითობა, ასევე კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი უწყებების თემატური საკომიტეტო მოსმენების გამართვა, სამხედრო ბაზებზე საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების კრიტერიუმები, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, ვიზიტების განხორციელების პროცედურები და სხვა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს