21 თებერვალი 2025,   18:47
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კომიტეტის მისიას წარმოადგენს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა შესახებ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის განვითარება და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი. აღნიშნული მისიის შესასრულებლად კომიტეტმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

გეგმა ეფუძნება კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის და საჭიროებათა შესწავლის, ისევე როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშების ანალიზის შედეგებს.

სამოქმედო გეგმა ასახავს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, სამიზნე ჯგუფებთან გამართული კონსულტაციების შედეგად იდენტიფიცირებულ საკითხებს.

კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტებად 2025 წლისთვის გამოყოფილია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება; სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება; ბრალდებულისმსჯავრდებულის და დაზარალების უფლებების დაცვის გაუმჯობესება.

კომიტეტი ყურადღებას დაუთმობს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს და სპეციალური ანგარიშების განხილვას, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას, რისთვისაც ის გამოიყენებს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების რეგლამენტირებულ მექანიზმებს. ამასთან 2025 წელს, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება ეფექტიანი წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელება. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება, ისევე როგორც შიდა ინსტიტუციური და მულტისექტორული თანამშრომლობის განვითარება, კვლავაც იქნება კომიტეტისთვის პრიორიტეტული ამოცანა.

სამოქმედო გეგმა, ამოცანებთან, აქტივობებთან და მათი შესრულების ინდიკატორებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრების, პარტნიორი უწყებებისა თუ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას.

 

დღის ამბები