გვარამია-მელიას კოალიციის შემდეგ, პარლამენტის კანცელარიას მანდატების გაუქმების მოთხოვნით "ლელომ" მიმართა. კოლეგებისგან განსხვავებული იყო განცხადების ფორმა და შინაარსი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ტექსტში პარლამენტს არალეგიტიმურად, თავმჯდომარეს კი თვითგამოცხადებულად მოიხსენიებს. კოალიციის ლიდერების აზრით, სამართლებრივად ამ სტილის დოკუმენტს პრობლემა არ აქვს. ყოფილი ბანკირები ამტკიცებენ, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებენ.
"ლელოს" განცხადებას სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში განცხადების შინაარსს, ოპონენტების მიერ უკან დასახევი გზის დატოვებად აღიქვამენ. ამბობენ, რომ ყოფილმა ბანკირებმა სამართლებრივად გაუმართავი ტექსტის მიუხედავად, პარლამენტისთვის მიმართვით საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობაც აღიარეს.
ოპოზიციას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სულ 61 მანდატი აქვს. 27 დეპუტატს ამ დრომდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას არ ჩქარობს. ექსპრემიერ გახარიას გუნდი კოლეგებისგან განსხვავებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ აპირებს. ნაცმოძრაობაში კი ვერ ასახელებენ თარიღს, როდესაც სააკაშვილის პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების ანულირებას მოითხოვს.
ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამტკიცებენ რომ ოპოზიცია 2020 წლის სცენარს მიჰყვება. რეალურად კი სადეპუტატო სკამების დაკავება, "ქართული ოცნების" აზრით, მხოლოდ უცხოეთიდან მიღებულ დირექტივებზე იქნება დამოკიდებული.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ დრომდე სადეპუტატო მანდატზე უარის შესახებ განცხადება, სხვადასხვა ფორმით, მხოლოდ 34 კანონმდებელს აქვს დაწერილი.