28 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
გერმანიის ელჩის პესიმისტური პროგნოზები - როგორ აფასებენ მმართველ გუნდში ფიშერის განცხადებას

საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები და ცალკე, საქართველოს თანამშრომლობა გერმანიასთან, გერმანიის ელჩმა ვრცელ ინტერვიუში მიმოიხილა. პეტერ ფიშერი ღიად ამბობს, რომ ქვეყანა ევროპას შორდება, რაც საქართველოსთვის იმ სიკეთეების შემცირებას გამოიწვევს, რომელსაც ევროკავშირიდან იღებს. დიპლომატი არ გამორიცხავს საქართველოს სესხები გაუძვირდეს და ქართული ბაზარი მსხვილმა, ევროპულმა კომპანიებმა დატოვონ. ელჩი იმ ეკონომიკურ ზრდაზეც საუბრობს და ამ მაღალი მონაცემების გამომწვევ მიზეზებს განმარტავს.

ეკონომიკის მინისტრი, ელჩის პასუხად განმარტავს, რომ ჰაიდელბერგ ცემენტმა - კომპანიამ რებრენდინგი განიცადა, სხვა სახელით ოპერირება დაიწყო და მეტიც, თავისუფლად ვაჭრობს რუსეთში. შესაბამისად, ლევან დავითაშვილი კავშირს პოლიტიკურ პროცესებსა და კომპანიის ქვეყანაში ფუნქციონირებას შორის ვერ ხედავს. მინისტრი ელჩის მსგავს განცხადებას მიუღებელს უწოდებს. საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი კი გერმანელ დიპლომატს ურჩევს, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და მის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს.

ელჩის განცხადება ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იყო გზავნილი მოქალაქეებისთვის - თუ რა პრობლემებს უქმნის "ქართული ოცნების" მმართველობა სახელმწიფოს.

სახელისუფლებო გუნდი, ელჩს დიპლომატიურ ეტიკეტს უწუნებს და ამბობს, რომ პეტერ ფიშერის განცხადებები ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. "ქართულ ოცნებაში" ასევე ფიქრობენ, რომ დიპლომატის პოზიციებით საგარეო უწყებაც უნდა დაინტერესდეს, თუმცა, პრემიერი გერმანელი დიპლომატის გაწვევას არ განიხილავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის ელჩი კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. პეტერ ფიშერი მსგავსი პოზიციონირებით არჩევნებამდეც გამოირჩეოდა, რასაც მაშინაც სახელისუფლებო გუნდი შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად აფასებდა.

დღის ამბები