29 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
დავით კირთაძეს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეხვედრა მოუწყო - მმართველი გუნდი რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობს

დავით კირთაძე, რომელმაც არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადების დროს ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა, შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიიწვია. ოპოზიციური პარტიების წევრებს ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილე და პროექტის მენეჯერი შეხვდნენ. რა ინფორმაცია მიაწოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიპლომატებს და შეეხო თუ არა საუბარი გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს - კირთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, დაწყებამდე კი თქვა, რომ ევროკავშირის ოფისის თანამშრომლებს მხოლოდ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებდათ.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრის დეტალები მედიასთან კირთაძის ოპოზიციონერმა კოლეგებმა გააჟღერეს. ანა კობახიძე და ბორის სოლომონია ამბობენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი განხილვის თემა არ ყოფილა.

რადიკალიზმის წახალისება - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდი ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრას. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, თუ რატომ შეხვდნენ დიპლომატები "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა და რატომ დატოვეს ეს ფაქტი შეფასების გარეშე.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას, პარტია "ლელოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძეც ესწრებოდა. მედიასთან თქვა, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოში სისტემა და რეჟიმი შესაცვლელია.

ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ამ თემაზე განმარტება თავად ევროკავშირის ელჩმა უნდა გააკეთოს.

იყო თუ არა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი საქართველოში სისტემის შეცვლაზე და რა შეფასებას აძლევენ კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმას უცხოელი პარტნიორები - ამ კითხვებით "კურიერმა" ევროკავშირის წარმომადგენლობას ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

 

დღის ამბები