28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
პირველი რეზოლუცია არჩევნების შემდეგ, რომლითაც ევროპარლამენტი საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს - რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან რეზოლუციას და რა შეფასებები მოჰყვა მას თბილისში

444 დეპუტატის მხარდაჭერით, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველია, რომელიც ევროპელი დეპუტატების ნაწილმა დააინიცირა და საბოლოოდ მხარიც დაუჭირა. რეზოლუციის მომხრეები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამოდ აცხადებენ, მის აღიარებაზე უარს ამბობენ და ერთი წლის განმავლობაში მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბრობენ. მისალმებიან არჩევნების სადაო შედეგების გამოძიებისთვის ტექნიკური მისიის გაგზავნასაც. რეზოლუციის ტექსტში ჩაიწერა ისიც, რომ გადაიხედოს საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა.

დღეს მიღებული დოკუმენტი გამონაკლისი არ ყოფილა და ევროპარლამენტარების ნაწილი ისევ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით. რეზოლუციაში წერია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი სასწრაფოდ, ჰუმანიტარული აუცილებლობის გამო უნდა გათავისუფლდეს. ამ ნაწილში რეზოლუციაში შესწორებაც შევიდა და სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მოუწოდეს სააკაშვილის შეწყალებისკენ. დოკუმენტის მიღების პროცესს ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

"ქართული ოცნებისთვის" ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუღებელია და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან არც ის გაჰკვირვებიათ, რომ დამნაშავის გათავისუფლება მოითხოვეს.

სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციას ოპოზიციის ნაწილი თბილისში სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიებში ყურადღება დოკუმენტის იმ ნაწილზე გაამახვილეს, სადაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადახედვაზეა საუბარი. ტექსტში წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონებმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა.

444 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით მიღებულ დოკუმენტში მოხვდა პირადი სანქციების შესახებ ჩანაწერიც. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახი კალაძეს და ყველა იმ თანამდებობის პირს უნდა დაუწესდეს, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი. ჩანაწერი გაკეთდა, თუმცა სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს და მის მიღებას ევროკავშირის სახელმწიფოების სრული კონსენსუსი სჭირდება. მსგავს გადაწყვეტილებას კი მინიმუმ ოთხი ქვეყანა: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი ეწინააღმდეგება. სამთავრობო გუნდისთვის რეზოლუციის შინაარსი პარტნიორებს შორის ურთიერთობას სცდება. პრემიერ მინისტრის განცხადებით კი მათთვის წინა 4 რეზოლუციის მსგავსად საინტერესო არც დღეს მიღებული დოკუმენტია.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია სავალდებულო ძალის არ მქონე დოკუმენტია,სიმბოლური ხასიათისაა და ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას გამოხატავს. 598 ევროპარლამენტარიდან დოკუმენტს მხარი 444-მა დაუჭირა 72 წინააღმდეგ წავიდა 82 კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები