25 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს 6 წლის განმავლობაში ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, "ნაცმოძრაობა" ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო - შალვა პაპუაშვილი

როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მალავდა ფაქტს, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო.

"ქართულმა ჯარმა პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით, ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ, ავღანეთში თავისი შემდგენლობით იყო მეოთხე და ასრულებდნენ ურთულეს მისისებს. მაშინ როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესის სფეროა და ეს ფაქტიც კიდევე ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მშვიდობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე და ესეც ჩვენთვის გარკვეული გაკვეთილი და გამოცდილებაა. 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც 6 თვის თავზე რუსეთთან გადატვირთვა გამოცხადდა. 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები