საკანონმდებლო ორგანოში მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების მზადების პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი გეგმა უწყვეტი პროტესტია. ადგილზე იმყოფებიან ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათი თქმით, პარლამენტში არ შევლენ, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ის ხალხის რეალურ ნებას არ გამოხატავს. მათი თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია.
კონკრეტულად როდის ჩახსნიან საპარლამენტო სიებს ოპოზიციონერი პარტიები, ჯერჯერობით, უცნობია.
"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე პარლამენტის არაღიარების პოლიტიკა შენარჩუნდება.
"ჩვენი დაწერილი განცხადებები აქამდეც უნდა დაეკმაყოფილებინათ. არ დააკმაყოფილეს იმიტომ, რომ თავის ჭკუით, ფორმალური საფუძველი შეენარჩუნებინათ, ამ თავყრილობისთვის, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან. ვაგრძელებთ პროტესტს. ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ მუშაობას. არ აღიარების პროცესი აუცილებლად შენარჩუნდება საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქციის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.