25 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ნაცნობი სცენის უცნობი გმირი - "კურიერი P.S.-ის" ობიექტივშია ქალი, რომელმაც ლეილა აბაშიძე ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმში, "შეხვედრა მთაში", სარისკო სცენებში შეცვალა

ნაცნობი სცენის უცნობი გმირი - "კურიერი P.S.-ის" ობიექტივშია ქალი, რომელმაც ლეილა აბაშიძე, ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმში "შეხვედრა მთაში", სარისკო სცენებში შეცვალა. ალბათ გახსოვთ სცენა, რომელშიც დოღის დროს პერსონაჟი, რომლის როლსაც ლეილა აბაშიძე ასრულებს, ცხენიდან ვარდება. რეალურად, ეს 20 წლის ხევსური გოგოა, რომელიც ლეილა აბაშიძის დუბლიორია.

60 წლის წინ, ხევსურეთში ჩასულ გადამღებ ჯგუფს და გადაღების დღეებს, 80 წლის ელისო ჭინჭარაული ჩვენთან იხსენებს. ცხენიდან გადმოვარდნის ეპიზოდი მისთვის პირველი და უკანასკნელი გადაღება აღმოჩნდა ქართულ კინოში. მსახიობი ვერ გახდა, მაგრამ ვარსკვლავი მაინც გაუხსნეს დაბა ჟინვალის სკოლაში, სადაც, უკვე 61 წელია, ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს. 

როცა ბარისახოში ფილმის "შეხვედრა მთაში" გადაღებები მიმდინარეობდა, რეჟისორი ლეილა აბაშიძის დუბლიორს ეძებდა - მსახიობს, რომელიც უნაგირის გარეშე ცხენზე დაჯდებოდა და სარისკო როლს - გადმოვარდნის სცენას ითამაშებდა. ფილმის დამდგმელ რეჟისორს, ნიკოლოზ სანიშვილს ელისო ჭინჭარაული თვალში მალევე მოხვდა. მაღალი, გრძელთმიანი, გარეგნობით განსხვავებული ხევსური გოგო როლზეც მალევე დაამტკიცა.

გადაიღეს რამდენიმე დუბლი. ბარისახოში დაბადებულსა და გაზრდილს ცხენზე ჯირითი არ გასჭირვებია, მაგრამ ერთ-ერთი დუბლის გადაღებისას ახალბედა მსახიობმა მუხლი იტკინა.

ფილმში მხოლოდ დუბლიორის როლი არ აქვს, მუშაობდა გახმოვანებაზეც, იქ, სადაც ხევსურული დიალექტის გამოყენება იყო საჭირო.

ყველასთვის ცნობილ ქართულ მხატვრულ ფილმში "შეხვედრა მთაში", ელისო ჭინჭარაულმა მხოლოდ მცირე სცენა ითამაშა და იქ თავის ოცნებას შეხვდა, თუმცა - წამიერად.

მას შემდეგ, რაც მისი და კინოროლების გზები გაიყო, სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

მისი საქმიანობა ხეებივით მარადმწვანეა - 62-ე წელია, პედაგოგია და ბიოლოგიას ასწავლის. დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში ზუსტად იმდენი წელია მუშაობს, რამდენი წლისაც ეს სკოლაა. საუკუნის ნახევარი აქ გაატარა.

ხმის ტონალობით და ხევსურული დიალექტით, სკოლაში ყველასგან გამოირჩევა. იმითაც, რომ მასწავლებლებს შორის უხუცესია. ელისო ჭინჭარაული მალე 80 წლის გახდება. თუმცა, ამ ასაკშიც, საყვარელი საქმის მიტოვება მაინც ვერ წარმოუდგენია და არც შეუძლია. სკოლაშიც პირველი მიდის, აღებს საკლასო ოთახის კარსა და მოსწავლეებს ელოდება.

მის ხელში არაერთმა თაობამ გამოიარა - შვილებისა და შვილიშვილების თაობამ. გაკვეთილების შემდეგ, სამასწავლებლო ოთახში შედის, სადაც პედაგოგების უმეტესობა მისი ყოფილი მოსწავლეა, დირექტორიც კი.

კინოროლები ვეღარ ითამაშა, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებლად ამ ადამიანების ცხოვრებაში მაინც იქცა დაბა ჟინვალში, იქ, სადაც თაობები გაზარდა. ვარსკვლავიც სკოლაშივე გაუხსნეს.

ახლა ოთხი შვილიშვილის ბებიაა, ჰყავს ერთი შვილი. პედაგოგად მუშაობა ჯერ კიდევ ხევსურეთში დაიწყო, სადაც სკოლამდე მისვლა ცხენით უწევდა. დღემდე, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. თამაშობდა კალათბურთს. უყვარს პოეზია, განსაკუთრებით - ანა კალანდაძის. პოეტი ბარისახოში გაიცნო.

ხევსურ ქალს, რომელმაც თავი კინომოყვარულებს მხოლოდ ერთი ეპიზოდური როლით დაამახსოვრა, მოგონებები ისევ ფილმებთან აკავშირებს.

დღის ამბები