არასასურველმა წონამ "კურიერი P.S.-ის" კიდევ ერთ რესპონდენტს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, ამიტომაც იძულებული გახდა, 153 კილო ვარჯიშით და სწორი კვებით დაიკლო. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგისთვის მიეღწია, გიორგი ბიბილაურმა 16 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, სულ ბოლო -ერთი თვის წინ. დღეს პერსონალური მწვრთნელია და სპორტდარბაზში უამრავ ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
ის, რის გამოც 29 წლის ხატია ბურჯანაძე ხშირად საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გამხდარა, მისი წონაა. თუმცა ამბობს, რომ კილოგრამები პრობლემად მისთვის არასოდეს ქცეულა, პირიქით, ამან სოციალურ ქსელებში პოპულარობაც მოუტანა. მას შემდეგ ვიდეოებს იმ ადამიანებისთვის წერს, ვინც ქუჩაში სიარულისას, ტრანსპორტსა თუ სამსახურში ზომა-წონის გამო კრიტიკის ობიექტები ხდებიან და ამას მძიმედაც განიცდიან.
სოფო ნურაშვილის ახალი ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 140 კილოდან 80-ს დაემშვიდობა. ბულინგი არც მისთვის ყოფილა უცხო, რომელსაც სკოლის ასაკში, ჯერ კიდევ თანატოლებისგან გრძნობდა. წლების განმავლობაში, ზედმეტ კილოგრამებს ხან როგორ და ხან როგორ ებრძოდა, ეშინოდა წონას ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია და წონის კლების პროცესს, უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს.
საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი. ახალი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი.
ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სტატისტიკა რომ საგანგაშოა, ამაზე ქართველი ექიმებიც საუბრობენ. პრობლემის სათავეებს ხშირად გენეტიკაში, არასწორი კვებასა და ფიზიკური დატვირთვის არარსებობაში ხედავენ. სიმსუქნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სტრესსაც განიხილავენ.
ჭარბწონიანობა ზრდის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, გავლენას ახდენს კანზე, ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.
ჭამა-სმა რომ ადამიანებისთვის ხშირად დიდი თავისტკივილია, ამას წონასთან ბრძოლის არაერთი მეთოდიც ამტკიცებს. წლებთან ერთად, ადამიანებმა ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება გამოიგონეს - დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, ე.წ. გასახდომი მედიკამენტები... ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთებაც კი ჭირს. რაც უფრო მარტივია მეთოდი, მით უფრო პოპულარულია.
არასასურველ კილოგრამებს ადამიანები დაუშვებელი მეთოდებითაც ებრძვიან და ამას ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ. შედეგი სავალალოა. ამ დროს შესაძლოა, ჯანმრთელობის დაკარგვასთან ერთად, დავკარგოთ თანხაც და თაღლითების მსხვერპლებიც გავხდეთ. რეალიზატორები მომხმარებლებს ატყუებენ და არწმუნებენ, რომ ე.წ. გასახდომი პროდუქტი უსაფრთხოა.
ზოგიერთი ქირურგიული ჩარევით ცდილობს არასასურველი წონის კორექციას. გასულ წელს, "კუჭის დაპატარავების" (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. ასაკი 15 წლიდან იწყება და 80 წლამდე მერყეობს. ამ ოპერაციას, უმეტესად, ქალები იკეთებენ. ხშირი იყო ფატალური შემთხვევებიც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ საჭიროება არ არის, ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაცია დაუშვებელია.
ჭარბი წონა ვისთვის მხოლოდ ესთეტიკაა, ვისთვის - ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. თუმცა, 21-ე საუკუნის გამოწვევა რომ არის, ამაზე ადამიანები თანხმდებიან.
ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% ჭარბწონიანია. მათგან კრიტიკულად ჭარბწონიანად მიიჩნევა, დაახლოებით, 10% - 700-800 მლნ. ადამიანი.