საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას წინააღმდეგ მატჩი დაიწყო. ეს იქნება წლის ბოლო შეხვედრა, რომელსაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.
ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე რიჩარდ კოკერელის გაწვრთნილმა გუნდმა აქამდე ორი მატჩი ჩაატარა - ახალი ზელანდიის სარეზერვო გუნდსა და იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ორივე შეხვედრაში ჩვენი გუნდი დამარცხდა, თუმცა იყო ბრძოლა, რაზეც არაერთხელ ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა.
რაც შეეხება დღევანდელი თამაშის მოლოდინებს, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ დღევანდელი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.
"დღეს, ვფიქრობ, რომ უნდა მოვიგოთ, გჭირდება ეს გამარჯვება. ძალიან ახლოს ვიყავით იტალიაშიც იმ საოცარ გამარჯვებასთან, თუმცა ცოტა დაგვაკლდა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. საქართველომ რეალურად პირველი ტაიმი მოიგო და ახლოს იყო გამარჯვებასთან. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს არის ბოლო თამაში წელს. ტონგასთან გამარჯვებით, ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი ბალანსი გვექნება წლევანდელ წელს, თუმცა ამით არ სრულდება, ახალი სეზონი იწყება და ვფიქრობ, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს," - აღნიშნავს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე გოგებაშვილი.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი