24 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

15 საათი პარლამენტის პირველ სხდომამდე - მოვლენათა ეპიცენტრი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყება. გეგმის მიხედვით, შეკრებილები მთავარ გამზირზე მთელი ღამე დარჩებიან.

მედიასთან განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"მინდა გთხოვოთ, რომ სამსახურებიდან ეს ერთი დღე აიღეთ შვებულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ვიყოთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ხვალ აპირებენ შეკრებას და დღეს ძალიან ბევრი მივალთ პარლამენტთან, კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ. ამის გაკეთება ნიშნავს მოქალაქეების არჩევანის ფეხქვეშ გათელვას, ხელისუფლების ძალაუფლების მოპარვას", - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.

დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან წამოსული ნაკადები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან და კლინიკა "ვივამედთან" შეიკრიბნენ, შემდეგ კი თბილისის ცენტრისკენ დაიძრნენ.

 

დღის ამბები