განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვალ პარლამენტი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 12:00 საათზე დაიწყებს - პრეზიდენტის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის გარეშე, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი 150 კანონმდებლის უფლებამოსილებას დაამტკიცებს.
ეს ყველაფერი კი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის - ხელისუფლების ოპონენტები რუთაველის გამზირზე დარჩენას დილამდე გეგმავენ.
საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს, ანუ შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები.
15 საათში, პარლამენტის კარი მე-11 მოწვევის დეპუტატებისთვის გაიხსნება. თუმცა 150 ცარიელი სკამიდან, მხოლოდ 89 შეივსება. ოპოზიციის მსგავსად, საკანონმდებლო სხდომათა დარბაზში არ იქნება სალომე ზურაბიშვილიც. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტის დანიშვნის გარეშე ჩატარდება. მის ნაცვლად კი სხდომას უხუცესი დეპუტატი, ვლადიმერ კახაძე გახსნის.
მე-11 მოწვევის ისტორიის დასაწყისი მეათეს ძალიან ჰგავს, თუმცა არის ბევრი განსხვავებაც. ხალხის მიერ არჩეული 5 პარტიიდან 4, რუსთაველის 8 ნომერში შესვლის ნაცვლად, ისევ რვა ნომერთან დგომას არჩევს. ბარიერგადალახულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის ბარიერად 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ესახება, რომელსაც მმართველი გუნდის ოპონენტები გაყალბებულად აცხადებენ. მაშინ სხვა მხარეს მჯდომი გიორგი გახარია ახლა დარბაზში საერთოდ არ იქნება. მეტიც, იგივე ქმედებისკენ ტრიბუნიდან ჯერ დიპლომატებსაც მოუწოდა - არ დასწრებოდნენ პირველ სხდომას, შემდეგ კი ხალხი 25 ნოემბერს ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე დაპატიჟა.
დიპლომატიური კორპუსი 25 ნოემბრის სხდომას, ბოლო 21 წლის განმავლობაში ისევ არ დაესწრება. 2003 წელს არ მივიდნენ, ახლა კი პირველმა კანონმდებელმა თქვა, რომ ელჩებისთვის მოწვევა არ გაუგზავნია.
დიპლომატიური კორპუსი არა, თუმცა პირველ სხდომას ტრადიციულად ბევრი დამსწრე ეყოლება, მათ შორის - პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ იცვლება, თუმცა ახალი რეგალია შეემატება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, დეპუტატის რანგში, პირველად 25 ნოემბერს ვიხილავთ. მე-11 მოწვევის პარლამენტში, კი პირველად ქვეყნის ისტორიაში ყველა პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოწვევაში მაჟორიტარებს ვეღარ ვნახავთ. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი დატვირთული იქნება. მას შემდეგ, რაც დეპუტატები მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას მიანიჭებენ, კანონმდებლებმა მთავრობა უნდა დაამტკიცონ. მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებები იქნება - ორად გაყოფილი ერთი სამინისტრო და კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრები.
პარლამენტი ფუნქციური ვერ იქნება ოპოზიციისთვის, რომელიც ბრძოლის გზად პროტესტს ირჩევს. ჯერ კიდევ პირველ სხდომამდე, მათმა ნაწილმა მანდატების დატოვებაზე ცესკოს მიმართა, გაიმეორებენ თუ არა იგივეს ლეგიტიმაციის შემდეგ – ნაწილთა პოზიციები ბუნდოვანია, მაგალითად გახარიას პარტიაში, რის გამოც ყოფილი პრემიერის გუნდი კოლეგების მხრიდან კრიტიკის ობიექტიც გახდა.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, მანდატების დატოვებაზე წინასწარ აქვთ განცხადება დაწერილი კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრებსაც. ახალი კოალიცია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" სტატუსი დააკარგინა და პირველი ოპოზიციური პარტიის სახელი თავად მოიპოვა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, პროტესტს ირჩევენ, მიზნად კი ხელახალ არჩევნებს აცხადებენ.
ტელეეთერით არა, თუმცა განცხადებები წინასწარ დაწერეს "ძლიერი საქართველოს" კოალიციის წევრებმაც. პარლამენტში არ შევლენ, თუმცა, პროტესტის გარდა, ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეით უკვე გამოვიდა მამუკა ხაზარაძე.
პროტესტის ფონზე, თუმცა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მაინც შეიკრიბება. წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპონენტთა ნაწილი საბოლოოდ პარლამენტში მაინც შევა.
ოპოზიციისა და პრეზიდენტის გარეშე, სხდომა მაინც ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის გზა პარლამენტის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდა. პრეზიდენტი არჩევნებზე ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე დაობს. ოპოზიცია კი უკვე პარლამენტთან არის და ღამეს პროტესტით ათენებს.
ავტორი: იზი ბურნაძე