საფრანგეთი ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე - როგორი იქნება ახალი პარლამენტი, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. ხმის მიცემის დასრულებამდე 2 საათი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგზიტპოლის შედეგებს საფრანგეთის მოსახლეობა მალე შეიტყობს. დღეს გვიან ღამით გაირკვევა, ვის ირჩევს ხალხი - ლე პენს თუ მაკრონს.
ფრანგული მედიის ცნობით, 1981 წლის შემდეგ, ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდულად მაღალია.
მანამდე კი მედია აქტიურად საუბრობს, რომ ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, "ეროვნულ გაერთიანებას" აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ.
რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობებსა და მოლოდინებს; ამომრჩევლებს შორის არიან, როგორც ემანუელ მაკრონის მომხრეები, ისე - მოწინააღმდეგეები. ამასთან, მოქალაქეებში მხარდაჭერით სარგებლობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია.
"მე ვღელავ, რადგან ებრაელი წინააღმდეგობის აქტივისტების შვილიშვილი ვარ და არ მინდა, რომ ნაციონალისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ," - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
"ცოტა მეშინია, ვგრძნობ, რომ ხალხი დაძაბულია, სათქმელი არაფერია," - აცხადებს ამომრჩეველი.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის დემოკრატია. ჩვენ გაგვიმართლა დემოკრატიაში, რომ მივცეთ ხმა ხალხს. თუ ამომრჩეველი ირჩევს პარტიას უკიდურესი მემარჯვენეებიდან ან უკიდურესი მემარცხენეებიდან, მაშინ ამ ტენდენციას პატივი უნდა სცენ," - აღნიშნავს ამომრჩეველი.
არჩევნების საბოლოო შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.