25 ნოემბერი 2024,   12:10
ვრცლად
ძალიან ძლიერი მუხტით დავხვდებით  და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტივი გასეირნება იქნება, ეს ასე ნამდვილად არ არის - ლუკა მატკავა ფიჯისთან მატჩზე

ხვალ დიდი რაგბის დღეა, დარჩენილია 24 საათზე ნაკლები. 5 ივლისი, საღამოს 8 საათი, "ბორჯღალოსნები" ფიჯის წინააღმდეგ, ისტორიაში რიგით მერვე მატჩს გამართავენ. ამ დრომდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯელების დამარცხება მხოლოდ ერთხელ შეძლეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. "ბორჯღალოსნები" ფიჯის ნაკრებთან შესარკინებლად განსაკუთრებულად ემზადებიან, დღეს გუნდს კაპიტნის ვარჯიში ჰქონდა, უცხოელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, მორაგბეებმა ტაქტიკური მონახაზები დაამუშავეს.

თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, "ბათუმი არენაზე" შედგება, სადაც ბორჯღალოსნებს აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ გამართული. 2 წლის წინ, შავი ზღვის კურორტზე, ქართველმა მორაგბეებმა იტალიასთან ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს. მაქსიმალურად ბევრი ქომაგის მობილიზებისთვის, საქართველოს რკინიგზამ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა. სარაგბო ზეიმი კი თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე დაიწყება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრის, ლუკა მატკავას განცხადებით, ფიჯის ნაკრებს ძალიან ძლიერი მუხტით დახვდებიან და "თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტივი გასეირნება იქნება, ეს ასე ნამდვილად არ არის".

"მომზადებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოგეხსენებათ ქუთაისში ვიყავით. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ქუთაისამდე მომზადება თბილისში გვქონდა დაწყებული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როგორც ფიზიკურმა მომზადებამ , ასევე ტექნიკური ნაწილების დახვეწამ. ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ. გვაქვს შანსი, ფიჯისთან წინა თამაშში დაშვებული შეცდომა გამოვასწოროთ. ძალიან ძლიერი მუხტით დავხვდებით აქ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტივი გასეირნება იქნება, ეს ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ლუკა მატკავამ.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები