სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი 2017 წელს სიღნაღში მოხდა. ვლადიმერ მჭედლიშვილი ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლს მიირთმევდა, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მას მოუწოდა შეეწყვიტა სმა საჯარო სივრცეში, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
პოლიციელმა მოქალაქე განყოფილებაში გადაიყვანა და სცემა. გამოძიების ინფორმაციით, ინსპექტორ-გამომძიებელი მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდა ფეხებს და მუშტებს გვერდებსა და თავში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულმა ნეკნების მოტეხილობა და სხვა დაზიანებები მიიღო.
2023 წელს სტრასბურგმა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადაიბარა და ხელახალი გამოძიება დაიწყო. ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავეს.