ომი ახლო აღმოსავლეთშიც - დასავლური მედია გათავისუფლებული 4 მძევლის ვიდეოს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ მათი გადარჩენის ოპერაციის პარალელურად, ღაზის ცენტრალურ ნაწილში ინტენსიური საჰაერო თავდასხმებია.
პალესტინის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ იერიში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო ბოლო 8 თვის განმავლობაში და აცხადებენ, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენი განცმა ომის კაბინეტი დატოვა. მიზეზად ქვეყანაში ვითარება დაასახელა. მისივე განმარტებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ “ჭეშმარიტ გამარჯვებასთან მიახლოებაში ხელს უშლის“.
განცის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ისრაელის პრემიერი. მისი თქმით, “ახლა ძალების გაერთიანების დროა და არა კამპანიის დატოვების.“