25 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები ვიყავით მიღებული ინფორმაციით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული მესიჯი გვაქვს არა მხოლოდ სახლში დასაბრუნებლად, არამედ მათთვისაც, ვინ უფრო დიდი გაერთიანებების, მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი არიან. ანუ წავიღოთ აქ მიღებული ინფორმაცია ბრიუსელში, ჩვენს კოლეგებთან, ასევე ნატოშიც, ვინაიდან, ჩვენი კოლოგები იქ ნამდვილად დაინტერესებულები არიან იმით, თუ რა ხდება აქ.

ასე რომ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ არსებობს. პირველ რიგში, აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი მესიჯით ჩამოვედით. საქართველოს მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათთან არის. ეს იყო ერთი მესიჯი.

მეორე [მესიჯი] მთავრობისადმი არის: ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ველით - არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ.

ჩვენს ქვეყნებში კოლეგებისთვის ყოველთვის ნათელია, თუ რატომ ეძახის სამოქალაქო საზოგადოების ამდენი წარმომადგენელი მას "რუსულ კანონს", მაგრამ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ეს კანონი შეიძლება იქნას გამოყენებული ამ ინსტიტუტების გასაჩუმებლად და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია - ჩვენ შეიძლება ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას.

იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს ქნეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის," - განაცხადა ლანდსბერგისმა.

დღის ამბები