25 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
"ფსკერი", "მოღალატე", "სამშობლოს გამყიდველი", "არარაობა" - "გამჭვირვალობის კანონის" ხმაურიანი განხილვა პარლამენტის კომიტეტში

პარლამენტის წინ საერთო სახალხო შეკრებას, წინ უძღოდა "გამჭვირვალობის კანონის" ხმაურიანი განხილვა პარლამენტის კომიტეტში.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ მძაფრდებოდა, როდესაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტს ტოვებდნენ. ხატია დეკანოიძის მსგავსად, სხდომა კიდევ 13 ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს.

იყო შემთხვევები, როდესაც კომიტეტის სხდომაზე დაწყებული სიტყვიერი კამათი, კომიტეტის გარეთაც გაგრძელდა.

რამდენიმე შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს დისკრეციული უფლების გამოყენება აღარ დაჭირდა, რადგან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად კომიტეტი, საკუთარი ნებით დატოვეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კანონმდებლებმა დილის ცხრა საათიდან დაიწყეს. პირველივე კითხვის დროს უკვე ცხადი გახდა, რომ პროექტზე დისკუსია ხმაურის ფონზე ჩაივლიდა.

კამათის ფონზე იყო პროექტის საქმიანი განხილვის მცდელობა, როდესაც საკითხის ინიციატორმა ოპონენტებს კონკრეტული წინადადებები შესთავაზა.

დაახლოებით 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პროექტში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო / იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

დღის ამბები