წიგნის ქურდების დაჯგუფება - ქართველმა მძარცველებმა ევროპის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკებიდან უნიკალური მასალა მოიპარეს. ჯამში ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს. ერთ-ერთი ალექსანდრე პუშკინის წიგნია, რომელიც მის სიცოცხლეშივეა გამოქვეყნებული, ფასი ასობით ათასი ევროა. დაჯგუფება ერთი სქემით მუშაობდა, რისი ამის ამსახველი კადრები "კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
ჩანაწერებში ჩანს, საქართველოს მოქალაქე მათე ცირეკიძე და მისი მეუღლე ანა გოგოლაძე. ფარული კადრები ვარშავის ბიბლიოთეკის კამერებმა გადაიღო. კადრებში ჩანს ქართველი წყვილი, რომელიც სავარაუდოდ უნიკალური წიგნების მოპარვას გეგმავს.
პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის და სხვა ცნობილი მწერლების უნიკალური გამოცემები - ქართველთა დაჯგუფების სამიზნე ევროპის ბიბლიოთეკებში დაცული ასობით ათასი ევროს ღირებულების წიგნები გახდა, ძირითადად რუსი კლასიკოსების იშვიათი გამოცემები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში სტუდენტის ან მკვლევრის სტატუსით შედიოდნენ და ძვირადღირებული წიგნები გამოჰქონდათ.
ექსკლუზიურ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უღებს ქალი ფოტოებს წინასწარ შერჩეულ წიგნებს ასლების დამზადების მიზნით. ეს კადრები 2023 წლის 14 ოქტომბერს არის გადაღებული. ქართველი წყვილი ვარშავის ბიბლიოთეკაში 2 დღის შემდეგ ბრუნდება და დანაშაულის სქემის მთავარი ეპიზოდიც სავარაუდოდ ამ დროს ვითარდება - ძვირადღირებული გამოცემების ორიგინალებს ასლებით ცვლიან, რაც ვარშავის ბიბლიოთეკა რამდენიმე თვის მერე არკვევს.
კიდევ ერთი ჩანაწერი ლიონის ბიბლიოთეკიდანაა, სადაც წიგნის ქურდების დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბესიკ ახალაშვილი ჩანს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისიც იმავე სქემით, მოქმედებს - მე-18-მე-19 საუკუნის გამოცემებს ასლებით ცვლის და ბიბლიოთეკიდან გააქვს.
წიგნის ქურდების დაჯგუფების რამდენიმე წევრი რამდენიმე თვის წინ, ევროპის ქვეყნებში დააკავეს. მიმდინარე კვირაში კი, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ათობით სპეცოპერაცია ჩატარდა. აიყვანეს ჩვენს მიერ მოპოვებულ კადრებში ნაჩვენები 3 პირი და მათი კიდევ ერთი თანამზრახველი.
ცოლ-ქმარი ანა გოგოლაძე და მათე ცირეკიძე თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სახლში დააკავეს. თემქის დასახლებაში მიაგნეს დაჯგუფების კიდევ ერთ წევრს, რობერტ ცატუროვს. ხაშურში კი, ბესიკ ახალაშვილი აიყვანეს. გამოძიებამ ასობით წიგნი ამოიღო. ახლა გამოცემებს ექსპერტიზა უტარდება, რომელიც დაადგენს, არის თუ არა მათ შორის ევროპიდან მოპარული ძვირადღირებული გამოცემები.
სპეციფიკური დანაშაულის საქმის დეტალებზე საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის და საქართველო სამართალდამცველებმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. გაირკვა, რომ 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სამართალდამცველი სპეცოპერაციისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდნენ. გაირკვა, რომ მხოლოდ საქართველოში დაკავებულმა 4-მა პირმა ევროპულ ბიბლიოთეკებს ასობით ათასი ევროს ზიანი მიაყენა.
14-ტომიან საქმეში, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებულები ბრალს დუმილით პასუხობენ. ოთხივე მათგანს გირაოთი გათავისუფლება სურდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
მათე ცირეკიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად საქართველოში დააკავეს, წიგნების ქურდობისთვის, ესტონეთში დაპატიმრებული ბექა ცირეკიძის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი ევროპაში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს. თბილისში დაკავებული მათე ცირეკიძის ადვოკატი ამ ინფორმაციას უარყოფს.
ვინ არის დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა, რარიტეტული გამოცემები საქართველოშიც მოიპარეს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპაში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ვინაობა ეცნობათ. საუბარია ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვისთვის დაკავებულ ბექა ცირეკიძეზე და რამდენიმე წლის წინ თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან გამქრალ წიგნებზე. მაშინ 1826 წლით დათარიღებული პუშკინის უნიკალური წიგნები და ფუტურისტული გამოცემები დაიკარგა.
სად მიდის და ვინ ყიდულობს ძვირადღირებულ ნაქურდალ წიგნებს - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან თაქთაქიშვილი ვარაუდობს, რომ დაკვეთა რუსეთიდან მოდის.
ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის, პროკურატურა საქართველოში დაკარგული წიგნების ადგილსამყოფელსაც სწავლობს.
ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები ერთად ცდილობენ აღკვეთონ სპეციფიკური დანაშაულის სქემა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. ორგანიზებული ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით, საგამოძიებო ღონისძიებები ისევ გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.