25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
14 სენატორი გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს - რა შეფასებები მოჰყვა გზავნილებს აშშ-დან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ზედა პალატის ორპარტიული ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. სენატორები ხელისუფლებისგან გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

14 სენატორი წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. აკონკრეტებენ, რომ ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესებაში, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტასა და სავიზო შეზღუდვების გაფართოებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ამერიკელ კანონმდებლებთან საპასუხო მოწოდება აქვს - იზრუნონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი სწორედ გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპით მოქმედებს.

ამერიკელი სენატორების მოთხოვნას ოპოზიციაც იმეორებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ამერიკული დახმარების შეწყვეტის საფრთხე რეალურია.

ამერიკელი სენატორები წერილში წერენ, რომ ქართული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და მედიაა და პროექტი აშშ-ის არც ერთი კანონის ანალოგი არ არის. ამას "ქართული ოცნებაც" ეთანხმება, თუმცა ამბობენ, რომ ამერიკული "ფარა" გამჭვირვალობის კანონთან შედარებით უფრო მკაცრია. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ფინანსების გამჭვირვალობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობისა და ნდობის ხარისხს გაზრდის. საუბრობენ იმაზეც, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადახედვას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა გაუმჯობესების კუთხით.

14 სენატორის პოზიციას, რომ კანონის მიღება ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზიანებს, იზიარებენ მათი კოლეგები ქართული ოპოზიციიდან.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, წერილის პათოსს არასწორი აღქმები განაპირობებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამერიკელ პარტნიორებთან კონკრეტულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება აქტიური კომუნიკაციით და დიალოგის გზით უნდა მოხდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი დოკუმენტის ასლი "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

დღის ამბები