25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი და გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია, ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ.

"ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საზოგადოება, მაგრამ წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ამან ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო. მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს.

საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები