25 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, რომ იზრუნონ გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული - შალვა პაპუაშვილი სენატორების წერილზე

ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, კონგრესისათვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ასეთი პოზიციები მისთვის გასაკვირი და იმედგამაცრუებელია.

"ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. გამჭვირვალობა, ეს არის განმსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ეს არის მთავარი პრინციპი. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გადამწყვეტი არის ის, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში. გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, კონგრესისათვის, ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში.

რამდენჯერმე დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული, და არც ერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული, რაში იხარჯება ეს ფული და შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკის მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების, რადიკალური ჯგუფების, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც არ არის კარგი რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები