155 დაღუპული და 10 000-ზე მეტი დაშავებული. ტანზანია - აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყანა ძლიერ სტიქიას ებრძვის. 30 ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია საავადმყოფოები, სკოლები, სავაჭრო ობიექტები. უმსხვილეს ქალაქთან, დარ-ეს-სალამთან მისასვლელი ყველა გზა მეწყრული პროცესების გამო განადგურდა, ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მოშლილია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდები, ვერ ფუნქციონირებს ქალაქთაშორისი და მუნიციპალური ტრანსპორტი, განადგურებულია სარკინიგზო მაგისტრალები.
სტიქიურმა უბედურებამ 200 000 ადამიანის საცხოვრებელი გაანადგურა. მოსახლეობა გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს.
სტიქიის გამო, მთავრობამ 50 000 ოჯახის ევაკუაციის ბრძანება გასცა, თუმცა მასშტაბური წყალდიდობის გამო მოსახლეობა დამოუკიდებლად ტერიტორიას ვერ ტოვებს. ადგილზე დარჩენილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ტანზანიის მოსახლეობის 80% სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, ჭარბი ნალექის გამო დატბორილია სახნავ სათესები, ასევე განადგურებულია საფერმერო მეურნეობები.
ტანზანიაში, პლანეტის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 250$-ია, ამ დროისთვის ვერ ხერხდება ზარალის აღწერა და შეფასება, ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად რჩება. ტანზანიის გარდა, სტიქიას სამხრეთ აფრიკის ხუთ ქვეყანაში: მოზამბიკში, კენიასა და ბურუნდუკში ებრძვიან.
ბუნებრივ კატასტროფას ელ-ნინიოს უკავშირებენ, რომელიც ანომალიური კლიმატური მოვლენაა; თბილი დინება წყნარ ოკეანეში პერიოდულად ჩნდება და ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. სტიქია ხმელეთზე ძლიერი გვალვით და კოკისპირული წვიმის სახით მოდის.