25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
მიგრაციის მაჩვენებელი - რას ამბობენ ოპოზიციაში და რას პასუხობს მმართველი გუნდი ოპონენტებს

საქსტატის მონაცემებს მიგრაციის საგანგაშო მაჩვენებელი უწოდა ოპოზიციამ. თემაზე ბრიფინგი რომან გოცირიძემ გამართა და მიგრაციის მიზეზებზე ისაუბრა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ რიცხვები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

"ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გამოსავალი არის ისეთი ჯანსაღი ეკონომიკის შექმნა, რომელიც აქ შექმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანს ექნება დასაქმების შესაძლებლობა და ღირსეული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა. "ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ეს ვერ ვნახეთ," - ამბობს რომან გოცირიძე.

საპასუხოდ, მმართველი გუნდი ოპოზიციას ციფრებით მანიპულირებასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქვეყნიდან გამსვლელთა შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

"იქ რაც გიწერია, 2023-ში 245 ათასი გავიდა, მაგრამ შემოვიდა 205 ათასი. ანუ, სხვაობა არის 45 ათასი დაახლოებით. გამსვლელთა შორის, არის ბევრი უკრაინელი, ბევრი რუსი და სხვა ქვეყნის მოქალაქე და არ არიან საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ. რაც შეეხება მიგრაციას, ეს ნორმალურია, მათ შორის არის ევროპაშიც, მათ შორის არის აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის სალდო, რაც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, მაშინ უვიზო მიმოსვლა არ გვინდა და მაინც გააღწიეს და გავიდნენ. ეს ჩვენ დროს რომ შეადარო, მეოთხედიც არ არის," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან გავიდა 245 ათას 64 მოქალაქე, ქვეყანაში შემოვიდა 205 ათას 857 ადამიანი. 2023 წლის მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი 39 ათას 207 ადამიანია.

 

დღის ამბები