რუსთაველის გამზირზე "გამჭვირვალობის" კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთმა სპიკერმა აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიუხედავად, სურდათ თუ არა გზის გადაკეტვა. სწორედ ამის შემდეგ, აქტივისტები რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდნენ.
ჯერჯერობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, მომხდარის გამო, რეაგირება არ მოუხდენიათ, პირიქით, ისინი აორგანიზებენ საავტომობილო მოძრაობას იმისთვის, რომ ავტომობილებს მიმართულება შეეცვალათ.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნახსენებია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხალხის სიმცირის გამო, პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის. მათივე განცხადებით, გზის გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე.