სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის დაზღვევის შესაძლებლობა ფერმერს სოფლის მეურნეობაში მეტი ინვესტირების საშუალებას აძლევს.
სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით უკვე სარგებლობს იოსებ ნატროშვილი, ვენახიც დაზღვეული აქვს, თუმცა "კურიერთან" იმ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე საუბრობს, რომელიც ფერმერებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის დროს უჩნდებათ. უკვე იცის, რომ პრობლემის შეტყობინებისთვის 72 საათი აქვს და სადაზღვევოსთან მიმართვის ვადები გაიზარდა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები უკვე განხორციელდა. გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. ცვლილების შემდეგ, 10 ჰექტრის ნაცვლად, ფერმერები არაუმეტეს 20 ჰექტრის დაზღვევას შეძლებენ. მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტრის ნაცვლად, არაუმეტეს 100 ჰექტრის დაზღვევას. შემცირდა ზარალის შეფასების დროც.
აგროდაზღვევის პროგრამით თანადაფინანსებაში სახელმწიფოს წილი 70%-ია, ფერმერებს მხოლოდ 30 პროცენტი აქვთ გადასახდელი. პროგრამის ამოქმედებიდან სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაიხარჯა 116 მილიონი ლარი.
2024 წელს, აგროდაზღვევის პროგრამაში ფერმერების დასახმარებლად 12 მლნ. ლარია გათვალისწინებული.