25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში - განათლების მინისტრი

მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

“გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ახლად შექმნილ “ტელეგრამ არხზე“. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამინისტროს, ისე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტ რეჟიმში ამოწმებდნენ. დილით ადრე უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ინფორმაციაში. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იკვლევენ, იძიებენ, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება, ყოფილიყო ამის მიზნები, ამოცანები“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, “ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გუშინ ღამე გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.

დღის ამბები