ვირტუალური კვანტური ტექნიკის ლაბირინთებში 26 წლის ფიზიკოსი გვამოგზაურებს. ერთხელ როცა საკუთარ მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილს უტარებდა, კვანტური თამაშის შექმნის იდეა დაებადა. მათთან ერთად ჯგუფიც შექმნა და კომპიუტერული თამაშიც დაწერა.
გოგა სუქნიძე ამბობს, რომ კომპიუტერული თამაში ორ საათში დააძლევინებს დაინტერესებულ ადამიანებს კვანტური ფიზიკის სირთულეებს. ახალგაზრდა ფიზიკოს სურს, რომ მოსწავლეებთან ერთად შექმნილი თამაში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ერთ-ერთ მეთოდადაც დაინერგოს.
მოგვიანებით სპეციალურად შექმნილ ფოკუსჯგუფებში კვლევაც ჩაატარეს, ვინც კომპიუტერული თამაშით თამაშობდა, ის შედარებით ადვილადაც სწავლობდა კვანტურ ფიზიკას და ხსნიდა ლოგიკურ ამოცანებს.
ახლა შტატებში წასასვლელად ემზადებიან. სჯერათ, რომ გამოგონებით ახალ სიტყვას იტყვიან კვანტურ მექანიკაში, მეცნიერების იმ დარგში, რომელიც თანამედროვე სამყაროში, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს.
გოგა სუქნიძე ზესტაფონში დაიბადა და გაზიარდა. იქ ახლა მისი ორი ბებია ცხოვრობს, შვილიშვილის ჩასვლას მოუთმენლად ელოდებიან. საკუთარ კუთხეს ხშირად სტუმრობს. იმ სკოლასაც, რომელმაც ფიზიკისკენ პირველი კარი გაუღო და რომელიც რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.
მიზნის მიღწევაში 26 წლის გოგა სუქნიძეს დედა დაეხმარა. იმისთვის, რომ ამერიკაში პრესტიჟულ კონფერენციას მისი შვილი დასწრებოდა, დასახმარებლად იმ კომპანიის ხელმძღვანელობას მიმართა, სადაც 2008 წლიდან არის დასაქმებული. გოგა სუქნიძე ამერიკაში "ჯორჯიან მანგანეზისა" და საქველმოქმედო ფონდ "მეცენას" ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრება.
სანამ ამერიკაში გაემგზავრებიან, გეგმავენ რომ კვანტური გლიჩი სოციალურ პლატფორმაზეც ატვირთონ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ.