14 გასროლა, ერთი სამიზნე და სამი დაჭრილი - ასე დასრულდა თბილისის ცენტრში დღის 12:00 საათზე შურისძიებით მოტივირებული სისხლიანი გარჩევა.
"კურიერი P.S-ის" მიერ, მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, ქურთიაშვილი რუხაძის მანქანას უახლოვდება და მას რამდენჯერმე დამიზნებით ესვრის. შემდეგ გარბის, იარაღით ხელში მას რუხაძის დაცვის ერთ-ერთი წევრი მისდევს. ცხვედაძის ქუჩაზე ეწევა და ცეცხლს უხსნის. ქურთიაშვილი ასფალტზე ეცემა.
ირკვევა, რომ ქურთიაშვილმა ათამდე გასროლილი ტყვიით, სამიზნე გიორგი რუხაძის და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრის კახა გაბრიელაშვილის დაჭრა მოასწრო. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადგილობრივები მათ დახმარებას.
სასწრაფო დახმარებამ ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩებიდან დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა.
თავდამსხმელი სერგი ქურთიაშვილი და დაცვის დაჭრილი წევრი ამ დრომდე მძიმედ არიან. შედარებით მსუბუქია გიორგი რუხაძის მდგომარეობა. სისხლიანი დაპირისპირების ოთხი ფიგურანტიდან ბრალდებული ჯერ მხოლოდ ერთია - გიორგი რუხაძის დაცვის წევრი, ვასილ როსტევანიშვილი, რომელმაც თავდამსხმელ სერგო ქურთიაშვილს გაქცევის დროს ესროლა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელის მოგერიებას ცდილობდა. სამი ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საპირისპირო არგუმენტები აქვს საქმის პროკურორს.
სისხლიანი გარჩევის ოფიციალურ მოტივზე ჯერ არავინ საუბრობს, არაოფიციალურად კი, ტაბიძეზე მომხდარი კრიმინალური შემთხვევა, კრიმინალურ სამყაროში ცნობილ ძმებ კაკულიებზე ქურთიაშვილის შურისძიება იყო. დათა და გუგა კაკულიები მეორე წელია სასჯელს სწორედ სერგო ქურთიაშვილის დაჭრის გამო იხდიან.
2022 წლის 27 მაისი, ვაკე, არაყიშვილის ქუჩა - კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან 25 წლის სერგო ქურთიაშვილს. გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები იყვნენ. ქურთიაშვილზე და მის თანმხლებზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ძმებმა ტერიტორია დატოვეს. ჩაფხუტებით შენიღბული თავდამსხმელები მზიურის გავლით მიიმალნენ. ეს კადრები მაშინ "რუსთავი2-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
ძმების იდენტიფიცირება მალევე მოხდა და ისინი ორთაჭალაში იმ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, სადაც საქართველოში მწვანე ზონით შემოპარული კაკულიები სერგო ქურთიაშვილზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამ ეპიზოდში ჩნდება მათი ნათესავი გიორგი რუხაძეც - გამოძიებამ გაარკვია, რომ დანაშაულის დაგეგმვის დროს, კაკულიებს საკვებით და საჭირო ნივთებით, სწორედ მამიდაშვილი - 33 წლის გიორგი რუხაძე ამარაგებდა. მისი გვარი კაკულიების განაჩენშიც ფიგურირებს, რომლითაც მათ ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
რუხაძე მაშინ გამოჰკითხეს კიდეც და მან ვერაფერი გაიხსენა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სერგო ქურთიაშვილმაც შეიტყო და რამდენიმე დღის წინ, რუხაძეზე თავდასხმაც დაგეგმა. მამიდაშვილის დახმარების შესახებ კაკულიებს სასამართლოში არაფერი უთქვამთ, უარყვეს სერგო ქურთიაშვილის დაჭრაც. მაშინ ჩვენება დაზარალებულად ცნობილმა ქურთიაშვილმაც მისცა და მასზე თავდასხმაში კაკულიების მონაწილეობა უარყო. ამის გამო განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალი ძმებს შეუმსუბუქდათ. ახლა ისინი თავის გამართლებას სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ.
არის თუ არა ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დანაშაული ქურთიაშვილის კრიმინალური ვენდეტა? პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი სერგი ქურთიაშვილი, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მძიმეა მის მიერ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის, კახა გაბრიელაშვილის მდგომარეობაც. სერგო ქურთიაშვილის მთავარი სამიზნე გიორგი რუხაძეც კლინიკაში რჩება და მისი გამოკითხვა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვიც გაიზარდოს.