25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ერთობას ალტერნატივა არ აქვს - მე სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას - სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სრულად იზიარებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იდეას ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაციის შესახებ. მისივე თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მას ერთიანი სიის პირველ ნომრად განიხილავს, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"ერთობას ალტერნატივა არ აქვს - მე სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას. რაც შეეხება ბორდს - დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ლიდერი და მისი ჩართულობა რის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ცხადია, კოორდინაცია არის პარტიასთან და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,"- აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი კი ამბობს, რომ ერთიანი სიის სათავეში სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა არ განუხილავთ.

"ერთ-ერთი ისეთი იდეაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჟღერებს და რაც ეხება ოპოზიციის კონსოლიდაციის აუცილებლობას და ეს ფორმატი თუ არ იქნა მიღებული, სხვა რა ფორმატებზე უნდა ვისაუბროთ, რადგან საზოგადოების დაკვეთა და შექმნილი საზოგადოება გვაიძულებს, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები და ერთიანები. სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა არ არის განხილული,"-აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძეს ერთიანი სიის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ამ საკითხს ახლა არ განიხილავენ.

"ყველა იდეა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი წამოაყენებს, ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. მაგალითად, ერთიანი სიის იდეა ძალიან საინტერესოა. ის ისედაც ლიდერია "ნაციონალური მოძრაობის" და ახალი არაფერი არ უთქვამს, რომ ბორდის თავმჯდომარე იქნება, ბუნებრივია. ვინც უნდა იყოს პირველი და ვინ - მეორე, ამ საკითხებს ჩვენ არ ვიხილავთ, რადგან ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს ვიხილავთ ახლა. ამ საკითხზე შევთანხმდებით მარტივად, ხალხის მონაწილეობით, არანაირი პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, სოფოსაც უდიდეს პატივს ვცემთ,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარტიას ბორდის თავმჯდომარეობას სთხოვს, მოადგილედ კი სოფო ჯაფარიძეს აცხადებს. სააკაშვილი მზად არის პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო გააქტიურდეს და საკუთარ გეგმებზე "ფეისბუქის" გვერდზე წერს. მისი ინიციატივაა არჩევნებზე საერთო სიის შექმნაც, სადაც ლიდერად და პირველ ნომრად, ასევე სოფო ჯაფარიძეს ხედავს.

დღის ამბები