25 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს: კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა "აგენტი," შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა

"კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა "აგენტი," შესაბამისად, ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან გამართულ გუშინდელ ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა“-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე დეტალურად აღწერს, თუ რას გულისხმობს და რას მოიცავს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისი თქმით, "კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს. ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს."

მისივე განცხადებით, "ევროდირექტივა ზუსტად იგივე ფორმულირებას იყენებს, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა. მაგალითად მოგიყვანთ ზუსტ ამონარიდს ევროდირექტივიდან: "ეს არის უცხოური წყაროების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა“.

სამხარაძემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, საქართველოში 1 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე მოდის, ხოლო ამ ორგანიზაციების 90% დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს.

მისივე განცხადებით, "არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა".

"გესაუბრებით საქართველოს პარლამენტის შენობიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აქედან დაახლოებით 30 კილომეტრში დგანან რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელთაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. შესაბამისად, ეს ქვეყანა ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. უფრო მეტიც, ჩვენ ვართ უკიდურესად ტურბულენტური და მოწყვლადი რეგიონის ნაწილი, სადაც ომია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის მიღმა - ვგულისხმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაძაბულობა სამხრეთ საზღვრის მიღმა - ჩვენს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ომის მსგავსი ვითარება ჩვენი რეგიონის სიახლოვეს - ახლო აღმოსავლეთში.

საქართველოში არსებობს 25,000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის 1 არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“.-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან.

დღის ამბები