25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
პრეზიდენტის კრიტიკოსები ვართ მოგეხსენებათ და კრიტიკოსები ვართ სწორედ მისი არაადეკვატურობის გამო - იაგო ხვიჩია

პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონებს, ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. მისივე შეფასებით, გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

შეფასებები უკვე გაკეთდა პარლამენტში. დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას. მმართველი გუნდი, რომელმაც გირჩის ინიციატივას მხარი დაუჭირა, თვლის, რომ კვოტირების საკითხი დისკრიმინაციულია, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა იყოს სავალდებულო და მთავარი ფაქტორი პროფესიონალიზმი უნდა გახდეს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა.

"პრეზიდენტის კრიტიკოსები ვართ მოგეხსენებათ და კრიტიკოსები ვართ სწორედ მისი არაადეკვატურობის გამო. არაადეკვატურობაში ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის არევა ხდება ერთმანეთში. თურმე რუსული კანონიც ანტიევროპულია და თურმე კვოტების გაუქმებაც ანტიევროპულია. ჩვენ, ახლა, მართლა უნდა ვკონცენტრირდეთ რუსულ კანონზე. ჩემთვის მოსალოდნელი იყო ქალბატონი სალომეს ეს უაზრო ვეტო,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება.

"მივესალმები პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომ საკუთარ ხელთარსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მისი პოზიცია ქალთა უფლებების დასაცავად და იმის გასაჟღერებლად, რომ მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი პოლიტიკა სადაც არამხოლოდ მდიდარ გავლენიან კაცებს ეთმობათ ადგილი პოლიტიკაში, არამედ ყველას, საკუთარი პროფესიონალიზმით და ღირებულებით,"- აცხადებს ბოკუჩავა.

დღის ამბები