25 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
მშვიდობიანი მანიფესტანტების უკან დგანან და თავის მომენტს ელოდებიან ის ჯგუფები, რომელთაც პროტესტის ძალადობრივ პროცესებში გადაზრდა სურთ - არჩილ თალაკვაძე

"მშვიდობიანი მანიფესტანტების და მოქალაქეების უკან დგანან და თავის მომენტს ელოდებიან ისევ ის ჯგუფები, რომელთაც სურთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდოს ძალადობრივ პროცესებში,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გააკეთა.

"საყვედურებიც კი გამოთქვეს ამ ჯგუფებმა, ვინც ამ ძალადობას და ესკალაციას ცდილობდნენ, რომ სად არის პოლიცია, რატომ არ მოდის, ჩვენთან რატომ არ შემოდის პირდაპირ კონტაქტშიო. როდესაც ნახეს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო მშვიდობიანი მანიფესტაციისა და თითოეული იქ მოსული მოქალაქის უსაფრთხოება, ამის შემდეგ ეცადნენ ესკალაციას და გადავიდნენ იქ, სადაც საპოლიციო დანაყოფები იმყოფებოდნენ. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტების და მოქალაქეების უკან დგანან და თავის მომენტს ელოდებიან ისევ ის ჯგუფები, რომელთაც სურთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდოს ძალადობრივ პროცესებში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ "მოქალაქეების" ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც ღიად მიდიოდა ესკალაციაზე.

"გუშინ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც პირდაპირ, ღიად მიდიოდა ესკალაციაზე, მოუწოდებდა მანიფესტანტებს დაპირისპირებისკენ და ძალადობრივი ესკალაციისკენ, არ ერიდებოდა ამას. როგორც ჩანს, ამით ცდილობდა თავისი ლაჩრული თავდასხმის გადაფარვას, იმის მაგივრად, რომ მოიხადოს ბოდიში თავის უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები