25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ეს არის აქციის მთავარი ლოზუნგი, რომელიც პარლამენტის წინ არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარეობს. რუსთაველზე შეკრება მოქალაქეებმა საღამოს შვიდი საათისთვის დაიწყეს. შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მიმართავენ. პარლამენტის წინ ისმოდა როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ჰიმნი.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ წუთებშიც შეზღუდულია. დაბრუნებულმა კანონმა ბანერების პროტესტიც განაახლა.

აქციაზე გამოტანილია სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის გერმანიის კანცლერის სიტყვები რომ "ევროკავშირს მსგავსი კანონი არა აქვს." ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

თუმცა, პარალელურად რუსთაველის გამზირზე ისევ გამოიტანეს სააკაშვილის პორტრეტი, მისი გათავისუფლების მოწოდებებით.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ორგანიზატორებმა აქცია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკომიტეტო მოსმენას დაამთხვიეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს აღსრულება არ უწერია ამ ქვეყანაში. პირდაპირ პროპორციულად ამ კანონის მიღება და ამოქმედება გულისხმობს განშორებას ევროკავშირის პერსპექტივისგან," - ამბობს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია.

აქციაზე იმყოფება თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის” თავმჯდომარე, საბა ბუაძე.

"პირდაპირ და ღიად, ყველა ჩვენმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მაგრამ ამ კანონის რუსულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას,“ - აღნიშნა საბა ბუაძემ.

დღის ამბები