25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
დღეს დედაენის დღეა - როგორ ჟღერს ქართული ენა მათთვის, ვინც ქართული არ იცის, უნიკალური ექსპერიმენტი უნიკალური მეთოდით

დღეს დედა ენის დღეა - ქართული ენა ბევრჯერ გადაურჩა გაქრობას. ბოლოს საფრთხე მშობლიურ ენას 46 წლის წინ დაემუქრა, როცა საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა რუსული უნდა გამხდარიყო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათი ათასობით ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა და სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

ვოგრძილობთ კეროურა პეუსს სოენტირასე თუმაბათ - ალბათ ვერ მიხვდით რა ენაზე წერია ეს ტექსტი და ჟღერადობაც შეიძლება გეუცხოვათ. რეალურად კი ეს ქართული იყო, უბრალოდ რამდენიმე ხმოვანი შევცვალეთ. აი ზუსტად ასე ჟღერს ქართული ენა უცხოელებისთვის - მათთვის, ვინც ჩვენი ენა არ იცის. რთულია გაიგო, რეალურად როგორ ისმინება მშობლიური ენა, ამ მეთოდით კი ეს მარტივად აღსაქმელია. უნიკალური ექსპერიმენტი ქართველმა ახალგაზრდებმა ჩაატარეს. 

რომ არა ეს ახალგაზრდები, ქართულ ენასთან დაკავშირებით წარმატებული ექსპერიმენტიც არ იარსებებდა.

წლებია ხმის ინჟინერიის სფეროში მუშაობენ, ინოვაციური მეთოდით დედაენის ჟღერადობას მიაგნეს და ჩვენც მოგვასმენინეს. ამბავი კი ასე დაიწყო, მისტიკურად:

თავდაპირველად დაინტერესდნენ რა მოუვიდოდა სიტყვებს, თუკი მათ მნიშვნელობას დაუკარგავდნენ, ხმოვნებს ადგილებს შეუცვლიდნენ და ნაცნობი ავტორების ლექსებს თუ ბავშვობაში გაგონილ ფრაზებს შეცვლილი ხმოვნებით წაიკითხავდნენ. მერე წინადადებები ფურცელზე დაწერეს და მეგობრებს წააკითხეს.

ექსპერიმენტი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, იქამდე ნაცნობი, თუმცა შინაარსდაკარგული სიტყვები, რთული წარმოსათქმელი გახდა.

ვიდეო რომ გადაიღეს, მერე სოციალურ ქსელში ატვირთეს. გამოხმაურებაც მალევე მოჰყვა. მათი პროექტით საზოგადოების მხრიდან ასეთ დაინტერესებას არ ელოდნენ. წინ დიდი გეგმები აქვთ, აპირებენ, რომ დედაენის შემდეგ დედაქალაქის სპეციფიკური ჟღერადობაც მოგვასმენინონ.

უცხოდ ის ენა მოეჩვენა, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია იკვლევს - 75 წლის ენათმეცნიერისთვის უცნაური არაფერია იმაში, რომ ჩვენს მშობლიურ ენას უნიკალური ჟღერადობა აქვს, რომელიც ფონეტიკური და ლინგვისტური მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.

იაკობ გოგებაშვილის ხელიდან გამოსულმა დედა ენამ დიდი გზა რომ გამოიარა, თავადაც არის ამის შემსწრე. მაშინ, როცა 1978 წლის 14 აპრილის დილას უნივერსიტეტიდან გამოსულმა საკუთარი თვალით დაინახა ის ადამიანები, რომლებიც ქართული ენის გადასარჩენად თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

იხსენებს, როგორ თავგანწირვით იცავდნენ ახალგაზრდები მშობლიურს რუსულისგან და როგორ შეცვალა ერთმა დღემ ყველაფერი.

გიორგი გოგოლაშვილს ქართულ ენაზე ბევრი რამ აქვს სათქმელი, თუმცა სურს, რომ ეს უთქმელი არ დარჩეს.

ენა ადამიანებით ცოცხლობს, თუმცა იცვლება მათთან ერთად დროსა და სივრცეში, იმის მიხედვით, თუ სად ვცხოვრობთ და რომელ გეოგრაფიულ არეალში.

ეს ერთი ქვეყნის ლინგვისტური მრავალფეროვნებაა. ენა ხშირად დროს უსწრებს. ვითარდება კანონზომიერად. ნორმებით ან ნორმების გარეშე. გამოხატავს ჩვენს ეთნოფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და ჩვენს იდენტობასაც.

დღის ამბები