ლევილის მამული ქართული კულტურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლებს. თუმცა მანამდე, საფრანგეთში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის არის მთავარი შენობა - შატო, სადაც პირველი რესპუბლიკის მუზეუმი გაიხსნება.
რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს კულტურის მინისტრი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ლევილის მამული უკვე მზად არის, ისტორიაში პირველად, ქართველ ხელოვანთა რეზიდენციას უმასპინძლოს. საფრანგეთს თბილისის სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტები ეწვევიან. საკუთარი შთაგონებით შექმნიან სხვადასხვა ინსტალაციასა თუ ქანდაკებას. ნამუშევრები კი ლევილის მამულში დარჩება.
ზუსტად ერთ თვეში, ლევილის ისტორიულ მამულში მორიგი ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კულტურისა და სპორტის 700-ზე მეტი წარმომადგენელი. საუკუნის შემდეგ კი, პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი სწორედ ამ ისტორიულ მამულში აღინიშნება.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს. მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან.
მამულის რეაბილიტაცია 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ლევილი კი იქნება საფრანგეთში საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელიც მე-20 საუკუნიდან საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა დაიწყეს.