ომი ახლო აღმოსავლეთში და რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საფრთხე - თეთრ სახლში ღიად აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის რისკი რეალურია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ძალების პოზიციას რეგიონში თეირანის საფრთხის ფონზე და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდამჭერია.
"ჩემი მოლოდინია, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან. ირანის მიმართ ჩემი გზავნილია - "არ გააკეთოთ ეს!" ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულები ვართ და მას მხარს დავუჭერთ. დავეხმარებით მათ დაიცვან თავი, ირანი კი ვერაფერს მიაღწევს." - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.
თავის მხრივ მზად არის ისრაელიც. "ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სცენარის წინააღმდეგ" - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
"ჩვენ მზად ვართ, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის ნაწილში - ჩვენი ჯარის ნებისმიერი სეგმენტის დონეზე. ირანის ტერიტორიიდან ისრაელზე შეტევა იქნება მათი ჭეშმარიტი სურვილის მტკიცებულება: ერთი, რომ მოახდინონ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და მეორე, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ძალების უკან მალვა შეწყვიტონ. ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ, როცა ეს საჭირო იქნება. ისრაელი ისედაც იღებს ყოველდღიურ შეტევებს ირანისგან - იემენის, ერაყისა თუ სირიის დახმარებით. ჩვენი თავდაცვის სისტემა კი მოგეხსენებათ, ახერხებს ამ შეტევების მოგერიებას." - ამბობს კონტრ-ადმირალი, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი.