იტალიის სერია A-მ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ფეხბურთელი კარიერის საწყისი ეტაპისა და ნეაპოლური ცხოვრების შესახებ საუბრობს. ქართველმა ფეხბურთელმა შარშანდელ სკუდეტოს და მარადონასთან შედარებას სიგიჟე და უდიდესი პატივი უწოდა. კვარაცხელიამ ნეაპოლელები ქართველებს შეადარა და თქვა, რომ ფეხბურთი საქართველოში ზუსტად ისე უყვართ, როგორც ნეაპოლში.
"რვა წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე. სამი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადავედი, იქ 5 წელიწადი გავატარე, მათ კარგი აკადემია აქვთ და შესანიშნავ ფეხბურთელებს ზრდიან.
სერია A-ს თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, იტალიელი მცველები ძალიან ძლიერები იყვნენ. მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასთან შედარება ცოტათი სიგიჟეა, თუმცა ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის გამო მადლიერი ვარ. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, არგენტინელი მამას კერპი გახლდათ.
ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ფეხბურთი საქართველოშიც ძალიან უყვართ, ისევე, როგორც ნეაპოლში. "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოგება სიგიჟე იყო. ამ ოცნების ასახდენად გრძელი და რთული გზა გავიარე, თუმცა ეს შევძელი და უბედნიერესი ვარ. ამ გუნდის ქომაგები მოტივაციას მაძლევენ. ნეაპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ვფიქრობ, უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც ასეთი ქალაქის ნაწილი ხარ. როცა აქედან წავალ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ მომენატრება