25 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
"ჰამასის" ლიდერის სამი შვილი და ორი შვილიშვილი ლიკვიდირებულია - შეუშლის თუ არა ისმაილ ჰანიას პირადი ტრაგედია ხელს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს

"ცაჰალის" ოპერაცია გრძელდება. წერტილოვანი დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორში ლიკვიდირებულია რადიკალური დაჯგუფების ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი შვილი და ორი შვილიშვილი. თავად ჰანია, რომელიც თავს კატარს აფარებს ამბობს, რომ მისი შთამომავლები არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან - მათი სიკვდილი კი ის მძიმე ფასია, რომელსაც წინააღმდეგობის მოძრაობა ყოველდღიურად იხდის.

გამარჯვებაში დარწმუნებულია ისრაელი. მძიმე ბრძოლები გრძელდება შხემსა და ნუსეირათში. რამდენიმე სამიზნე განადგურებულია რაფაჰში. საპასუხო დარტყმები "ცაჰალმა" მიიტანა "ჰეზბოლას" პოზიციებზე ლიბანში. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბრძოლა მძევლების გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ტყვეთა მიმართ გაეროს გულგრილობაზე გაამახვილა ყურადღება ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ სახმელეთო გადასასვლელს აშენებენ. "ცაჰალში" აცხადებენ, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ გზით სარგებლობას დღეში 500-მდე სატვირთო შეძლებს, რაც ღაზაში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას უზრუნველყოფს.

მანამდე კი ადგილზე, სასმელი წყლის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ლტოლვილთა ბანაკებში ადგილი ფაქტობრივად არ არის. საკვების ულუფებს ჯერ მცირეწლოვნებს უნაწილებენ. მათ, ვინც რიგს ელოდება ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა მეთოდებით ართობენ.

თამაშობენ ის ბავშვებიც, რომლებიც ბანაკში ვერ მოხვდნენ. ღაზის სექტორის სხვადასხვა კვარტალში ყველაზე პოპულარული გასართობი ისაა, რასაც მცირეწლოვნები უკვე 188-ე დღეა უყურებენ - "ომობანა".

 

დღის ამბები