25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
დისკრიმინაციული და ანტიევროპული მიდგომა დასავლეთის მხრიდან, პარტნიორებს კითხვით პასუხობს "ქართული ოცნება" - რატომ ეკრძალება საქართველოს იმ კანონის მიღება, რომელზეც ევროპარლამენტიც აქტიურად მუშაობს

დასავლეთიდან გააქტიურებული კრიტიკა, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, დისკრიმინაციულთან ერთად ანტიევროპულია. რატომ ეკრძალება საქართველოს იმ კანონის მიღება, რომელზეც თავად ევროპარლამენტიც აქტიურად მუშაობს? - პარტნიორებს კითხვითვე პასუხობს "ქართული ოცნება". პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოური ფინანსების მიზნობრიობის გამჭვირვალობის პრობლემა დონორებთან ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ მოგვარდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საკითხის კანონმდებლობით დარეგულირება.

წუხილი დღეს ევროკავშირის ელჩმაც გამოთქვა. პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ "გამჭვირვალობის" კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან. კრიტიკა ისმოდა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც, სადაც "იუესეიდის" ხელმძღვანელს მოუსმინეს.

საკითხის დაკავშირება მოლაპარაკებების გახსნასთან არასწორი მიდგომაა - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი აქცენტს გამჭვირვალობაზე და კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორების სწორ ინფორმირებულობაზე აკეთებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კანონი ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი ბარიერი იქნება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის არგუმენტი სწორედ ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ქართული კანონპროექტი იმ კანონებთან შედარებით, რომელიც ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც მოქმედებს გაცილებით ლიბერალურია. "ქართული ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ პროექტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იმ დონორების ინტერესებზე მიუთითებს, რომელთაც დაფინანსების მიზნები კანონის მიღების შემთხვევაში საჯარო გახდება.

"მესამე ქვეყნის ინტერესების გამჭვირვალობა" - ასე ჰქვია კანონს, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს. მსგავსი კანონი საფრანგეთმა ეროვნულ დონეზე უკვე მიიღო. საქართველოში კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე მსჯელობა მომდევნო კვირიდან იწყება.

დღის ამბები