25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - კახა კალაძე 

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – აქვთ თუ არა სპორტსმენებს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ.

„ჩვენ ხომ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ისინი შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ, შეიძლება  ფეხბურთიდანაც კი ჩამოეშორებინათ, შეიძლება სხვადასხვა მძიმე რამ გაეკეთებინათ მათი ოჯახის წევრებისთვის – ვიღაც დაეჭირათ, ვიღაცისთვის რაღაც ჩაედოთ. ეს დრო ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში ჩართონ, თუმცა ეს არ გამოუვათ.

„ესენი ძირითადად არიან რადიკალური ჯგუფები, ყველა ვიცით, ვინ არიან, რას წარმოადგენენ. ერთი პატრონი ყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში სიმშვიდეს, გამარჯვებას, განვითარებას, წინსვლას, თუმცა არცერთ მტერს არ გამოუვა არაფერი. ქვეყანა განვითარდება, იქნება სიმშვიდე, არანაირი მეორე ფრონტი. როინ ქოჩორაშვილის აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით დღეს გავაკეთე განმარტება და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, ფეხბურთი, სპორტი, ჩვენი სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ, თუნდაც განცხადებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა.

„მინდა, ბიჭებს გამარჯვებები ვუსურვო. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან ღირსეულად გამოვალთ, ვიასპარეზებთ და ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველო იქ შემთხვევით არ მოხვედრილა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დღის ამბები