25 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ნინო წილოსანი - ის, რაც ევროპის, დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებისთვის არის კანონმდებლობა და სწორი რეგულაციები ჰქვია, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვერ იქნება "რუსული კანონი"

გულდასაწყვეტია, თუ ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყნების შემთხვევაში, პირობითად საფრანგეთის, ამერიკის, კანადისა და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის უფლება, იცოდნენ საიდან ფინანსდებიან ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თანხები შედის უცხოური დაფინანსებებით და საქართველოს მოქალაქეები მოკლებული იყვნენ ამ შესაძლებლობას, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ნინო წილოსანის თქმით, ის, რაც ევროპის, დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებისთვის არის კანონმდებლობა და სწორი რეგულაციები ჰქვია, საქართველოს შემთხვევაში ვერ იქნება "რუსული კანონი", ჩვენი ქვეყნის შემთხვევა ვერ იქნება დისკრიმინაციული.

ნინო წილოსანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიამ დირექტივის სახით გადააგზავნა ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტში რომ მიღებული იყოს ეს პრინციპი.

მანვე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება არ მოქმედებს პრინციპები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ახლა ინიცირდება და რიგ ქვეყნებში უკვე მუშაობს სხვა კანონმდებლობის ფორმით.

"მაგალითად, გერმანიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გერმანიის ოფისი დარეგისტრირებულია ლობისტად, თანამშრომლებს არ აქვთ პრეტენზია და ჩვეულებრივად იღებს გერმანელების უფლებას, იცოდნენ შემოსული დაფინანსებების და მისი მიზნობრიობის შესახებ. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში კოლონიალური დამოკიდებულება იგრძნობა, რაც გულდასაწყვეტია. დღეს 9 აპრილია და ჩვენს გმირებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ ასეთი კოლონიალური დამოკიდებულებით იყოს გამსჭვალული ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ის ადამიანი, პარტნიორი იქნება ეს უცხოელი თუ თავისი ქვეყნის წარმომადგენელი, თავისი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს და ასეთივე ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ, იმიტომ, რომ ეს ვალდებულება და უფლებამოსილება მოგვანიჭა ამომრჩეველმა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკომისიამ დირექტივის სახით გადააგზავნა ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტში რომ მიღებული იყოს ეს პრინციპი, იმიტომ, რომ ქვეყნები თავიანთი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობენ. ის არგუმენტები, რაც ჩვენს ოპონენტებს აქვთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩვენს ინიციატივაში იგულისხმება ყველა ქვეყანა, რომელიც არ არის საქართველო, რომელიც ფაქტობრივად მეორე მხარეა და საიდანაც არაერთი შემთხვევა გვაქვს, თუნდაც ჰესების მშენებლობის გაპროტესტება იქნებოდა თუ ბევრი ძალიან საეჭვო მოქმედებები, რომელიც ფაქტია, რომ გარე ძალებიდან ფინანსდებოდა. რატომაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამაზე ნათელი წარმოდგენა და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რატომაც არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია გამჭვირვალე?“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები